ჩემი შემოქმედება


                              ***
   ცხოვრება რთულდება, წლები მემატება,
    ნერვები მოითხოვს უდიდეს დაძაბვას,
   იცი, რად ვერ დავთმე ზღაპრების საუფლო?-
   ვერ გადავიტანდი ოცნების დამარხვას!...

   ვარ ამ ბილიკების მარადი მგზავრი
   და აბგა სავსე მაქვს იმედის საგზალით,
    წაბორძიკებული ყოველი ნაბიჯი
   დაუბრკოლებლად გავლას მასწავლის!

  რაღაცა არ მაძლევს სიმშვიდის უფლებას,
  ბევრჯერ მოკეთეც კი გამიხდა მწყრალი,
  რომ ვერ დავეტევი საკუთარ კანში
  შვილების პატრონი ოჯახის ქალი!
   
   გზები კი ... ათას განსაცდელს მიმზადებს
ფხიზელი გამიხდა ყური და თვალი
  მოვკვდები?- შვილებს განძად დავუტოვებ
სიყვარულს ქვეყნის და იმედებს ხვალის!!





                                                  ***
                         „სულს სწყურია საზღვარი...“
                                                                                                  გალაკტიონი
                                                                „გარდამატარე ბედის სამზღვარი...“
                                                                                           ნიკოლოზ ბარათაშვილი
                                                                                           „ ?    ?    ? „
                                                                                           მე
  ო, გეაჯები, არ მიმაახლო
 მოთმინებათა მიჯნას
 და განმარიდე ბოღმის, ბალღამის
 თუ შურის ჭუჭყის მიკვრას

...კეთილშობილთა სახეებს უკან
ვიცან ასპიტის გესლი,
და გულგრილობის მსუყე ჩეროში
ზვაობს კაენის თესლი!

ვხედავ, განგება მიწყობს გამოცდას,
სულში  მიჩნდება ბზარი,
სიყვარულიდან სიძულვილამდე
ერთი ნაბიჯი არი!...

ნერვთა ხლართების მძიმე გორგალი
კბილით მიჭირავს დღემდე;
ყველამ გამწირა ვისიც ვიწამე,
ვისაც ბოლომდე ვენდე!

 სულ ერთმა სიტყვამ შემატორტმანა
და ფეხქვეშ მიწა იძრა!
ო, გეაჯები გულთამხილავო
არ  მიმაახლო მიჯნას...

 გადავირჩინო მინდა სიმშვიდე
და ნიადაგი მყარი
ღმერთო, მიშველე!- შემინარჩუნე
წონასწორობის ზღვარი!


                
რა საოცარია,
რა ძლიერ პატარა,
 და მაინც... რარიგად ტევადი!
რამდენი ცრემლები,
რამდენი წუხილი,
ყველაფერს აიტანს
და მაინც-
ვერაფრით ვერ შესძლო
                 ! ! !



                             ლადო ასათიანს
ბავშვი ვიყავ-შენი ლექსის სტროფებს
ლოცვანსავით ვკითხულობდი დიდხანს,
მეთუ წლებმა დამიმძიმეს მხრები,-
შენ ისევე ოცდაექვსი წლის ხარ

სიჭაბუკის სურნელი სდის სიტყვებს,
დაუმცხრალი კვლავ გიზგიზებს გზნება
მიღმიეთში ეფერები სწორებს
შენი სული ოცდაექვსის რჩება!

ყაყაჩოში შენი მზერა ვიცან,
ადრე წასულ კაცის ფიქრებს ჩავწვდი,
შეგისრულე თხოვნა, ჰოდა გითხარ-
სენი უგი ფილტვებს ვეღარ დაღრღნის...

შავთვალათა მზერაც გახუნებულა
მიმწუხრის მზემ ჩიხვია გზები
რამდენ ტკივილს ჩაუვლია მას უკან,-
შენ ისევე ოცდაექვსის რჩები!

გუშინ ვნახე შავთვალება გოგოს
შენი ლექსით ვით ეტრფოდა ვაჟი,
პრინცესები იცვლებიან მაგრამ,
უცვლელია ოცდაექვსის პაჟი.

თბილისსა და რუსთაველის პროსპექტს
დღემდე ახსოვთ შენი ცხელი სუნთქვა
უკვდავების ბინადარი გახდი
არა, შენი დავიწყება ვინთქვა!

არაფერი არ შეცვლილა ლადო
დღესაც შენი სიტყვის ეშხით ვთვრები,
მხოლოდ დროის დინებაზე ვდარდობ
შენ კი... მარად ოცდაექვსის რჩები!

                             მედეა
... და უცხო გახდა მიწა ბერძენთა...
ეს მათ,
             უცხოთა  უარყვეს იგი!..
უგულო ბრბოთა, მოტანილს ქართა,
      უსმენდა ყიჟინს...
ნისლისფერ ღაწვთა სდიოდა ცრემლი,
გაფითრებული იდგა ქალღმერთი,
არავინ ჩანდა მიწაზე მხსნელი
მწყრალ იყო ღმერთი!..
და მომნანიე თავის ცოდვათა
(ნეტავ რაისი მოიმედეს?!)
კოლხეთის მიწას შენდობას სთხოვდა
კოლხი მედეა!..

                         ***
რა ვქნა ვერ შევძელი
მზისფერ ოცნებების,
დიდი იმედების
საუფლოს დათმობა.
რა ვქნა,
თუ მარტო მიწისა არა ვარ
და ზეცას დავუწყე ფიქრების განდობა.
რა ვქნა,
იმ ქვეყნის ძირძველი ჯიშისა ვარ
ლექსით რომ ხვდებოდა
ბედს თუ უბედობას.
იმ ზღაპრით გავიზარდე,
 რომელშიც სიკეთე
თაფლიან კასრივით იდგა და იღვრებოდა...
დღესაც ის მტკივა და
ის მართობს ისევე,
რაც გუშინ მტკიოდა
რაც გუშინ მართობდა.
ისევ შემიძლია,
რა  ვქნა შემიძლია
დიდი შეცდომების
უთქმელად დანდობა.
მზეს ღიმილით ვხვდები,
სიცოცხლე მიხარია

                                                             
                   ***
დამცინეს,- ადამის ნეკნიდან იშვიო...
ეს გახლავთ ნამდვილად კაცების თქმული!
მე ვიცი-მიწიდან მოგვზილეს ორთავე
და ღვთაებრივი შთაგვბერეს სული...

სამოთხის დაკარგვის ცოდვას არ გავურბი
სამოთხის დაბრუნების ვართ ისევ მოთავე,
რადგან ღვთისმშობლიდან იშვა მაცხოვარი
ბოროტებასთან და ეშმასთან მოდავე!

და მოგვენიჭა უფლის წყალობად
ღვთივკურთხეული დედობის მადლი
სიკეთის, სიცოცხლის და ტრფობის საწყისი
ყოველთვის იყო და იქნება -ქალი!






                  დედის თვალები
თუმც შეეცვალა სახე ,სხეული
წლებმა წარტაცეს მომხიბვლელობა,
უცვლელი დარჩა დედის თვალები
მას ვერ შეეხო დროის მსვლელობა.

და როცა სული გაზივსებული
თრთის მომლოდინე დიდი ავდრების,
შესაყუდრებელ იმედად რჩება
მრავლისმეტყველი დედის თვალები.

მას არ სჭირდება სიტყვამრავლობა
სანაცვლოდ შენგან არაფერს ითხოვს,
და ნუგეშინით აავსო გული
მისთა თვალთაგან დაღვრილმა სითბომ.

წლები წლებს მისდევს, დადგა შუადღე
ახლა შენ ხდები უკვე ბებია,
სანამ გაცილებს დედის თვალები
გრძნობ ,კვლავ ბავშვობა აგდევნებია.

ხელის კანკალით ანთებ კანდელებს
ღვთისგან უდიდეს წყალობას ითხოვ
დაგტოვოს ბავშვად და არ ჩაგიქროს
დედის თვალების უშრეტი სითბო

                          ***
გაჩვეულებრივდა ყოველი,
სულში თვლემს სურვილები ურიცხვი...
ცხოვრებამ ყოფითი წვრილმანით ამავსო
ფრთებს რომ ვატოლებდი ტოროლებს ოცნებით.
       ...ქმარს ღილი არ ჰქონდეს პერანგზე მი
         არ შეგრცხვეს მიღება სტუმრის,
         სადილი,ვახშამი,ამზადე
         აკეთე, მიართვი,ელოდე...
პასუხი გაეც მტერს და მოყვარეს.
და ბოლოს...
გალაკტიონის ცისფერყდიანი წიგნისკენ
მალულად გაპარული მზერა...
და მონატრება,
იმ სამყაროში
გალას სამყაროში ჩასახლებისა...
თითები ატოკდება უნებურად
თითქოს ფურცლებს შლიდე კითხვისას
მერე წარმოდგენით კითხულობ
ისე,რომ არც ტოკავს ბაგენი
თავისთვის ,ჩუმად
მხოლოდ შენ რომ გესმოდეს ისე...
     „რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები,
       მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი...“
თავს შეგახსენებს
გაჟრჟოლებამდე ნაგრძნობი ტკივილი
უცებ გახსენდება
გაზქურა ანთებული,ან უთო ჩართული
და ასე მიჰყვება,
მიჰყვება ერთმანეთს
                                               
                                                 
ლამაზი დღეები !!


            ***
ყოველდღიური ერთფეროვნების
არსებობისთვის წვა და წვალების
გადაქანცული დღეების იქით
მოსჩანს ზღაპრული
ულამაზესი და უთეთრესი
სულ სხვა სამყარო,
რომელსაც ჰქვია შენი სახელი
               ა!!!






      წარწერა წიგნზე „ უქარქაშო ხმლები“
ეს უფრო მეტია
საოცრად მეტი
ვიდრე სიტყვა „წიგნის“
მნიშვნელობა გვეტყვის.
გაჩენის არსიდან
სრულიად დღემდე
ეს მატეანეა
ჩვენი ერის ბედის!
როგორი ჭკვიანები,
როგორი მამაცები,
მიწას ჩაწნეხია
უებრო ვაჟკაცები.
ასეც კი მომხდარა
უცებ ,ხელაღებით
მტრისთვის მიუციათ
ციხის გასაღები.
ტახტის გვირგვინისთვის
ძმას ძმაც მოუკლავს
დილეგში აგდებდნენ
სიმართლის მოუბართ,
ღალატიც დასწამეს
(აზრად ვის მოუვა!)
მამულისათვის
აჩეხილ მოურავს!
როცა ძნელბედობის
დიოდნენ დღეები,
პირისგან მიწისა
აღგავეს ტყეები.
სხვისთვის იხარჯოდა
(ვარ განამეხები!)
მთელი დინასტია
უნდილაძეების!
ისეც არ იფიქროთ
არ გვყავდა თითქოსდა
ვინც მხოლოდ მამულის
სახმილით იწვოდა
ვინც მთელი სიცოცხლე
იღვაწა, იბრძოლა
იმ ქვეყნად მიმავალს
საგზლად და იმედად
ერთიან მამულზე
ოცნება მიჰქონდა!
იმათი სისხლით ხმიანებს გული,
უფლება სიამაყის მათით მაქვს სრული,
 რამდენი ჩამოვთვალო
ჭრილობა, წყლული
რომელი ერთი ვთქვა
თავდადებული!
ვფურცლავ და თანდათან
მიპყრობს გაოცება,
ვინ მოგვცა ამდენი
სიმხნე, გამძლეობა
რომ მიუხედავად
 ამდენი რბევის,
რომ მიუხედავად
 ამდენი ჩეხვის
შეგვინარჩუნებია არსებობა!
ვკითხულობ და მტკივა
მისი სატკივარი
ეს საქართველოა
ფერფლიდან წამომდგარი.
ეს გახლავთ ის მიწა
ღმერთების მხარის
სულმუდამ მახვილით
სულ მუდამ ფარით!
ეს წიგნი არ არი
უფრორე მეტია
აქ რაც წერია
აქ რაც კი ხატია
ასგზის დატანჯული
მრავალჭირნახული
ჩემი საქართველოს
მწუხარე ბედია!




    მამული
ბრძოლაში შობილი,
შრომაში ცნობილი,
ჭირში და ლხინში
სულ გაუყოფელი.
მოყვრისთვის მოყვრულად
მტრის მტრულად დამხვდომი
სიკეთით მთესველი
ბოროტის არ მნდომი.
ხალხი ერთგული და სტუმრის მოყვარული
პური და მარილი
დაუმადლებელი.
აქ სიყვარულია
რაცააა მთავარი,
აქ სიყვარულია დაუმთავრებელი...
ყვავილობს ფიროსმანის
ყალმით დახატული
ჩემი საქართველოს ლურჯი გაზაფხული.
მაისი ფოფინებს
და გული მაისობს
მამული ვარდისთვის
ფერებით აივსო.
მზებუდობს,
მზე ცაზე სირმებით ჰკიდია
მზემ ბინა იშოვა აქ
ჩემს საგაზრდილოში
კარგი ამინდია
მისი მომავლისა მწამს.
არ იქნა სათქმელი
გულსი არ ეტევა,
არ ვთქვა უთქმელობაც მიჭირს.
სამშობლოს დავუზრდი
ცოტნეს და ქეთევანს
სიყვარულს ვასწავლი
მშობელი მიწის...
ოღონდ შენ გჯეროდეს
რა წამს დაგჭირდები
ოღონდ შენ ინდომე
და მტლად დაგედები
ოღონდ შენ იწამე
 ლოცვების ჩემის
კურთხეულ იყოს,
კურთხეულ იყოს,
კურთხეულ იყოს
 მამული  ჩემი!

სურათი
ჭალებში მეუფებს ფერები ქარვის
და დედამიწის ზურგი შიშველი
მოჩითეს ფოთლებმა
აცივდებაო ალბათ,
ყინული ჩავარდა წუხელის წყალში
ამბობენ ბებრები
საბუხრედ მოამზადეს ხმელი კუნძები,
ნაჩალარში
ამაოდ დაეძებს ბალახს ბოჩოლა...
ეზოს შუაში კი
ამართულა ზვინის დევები.
ჭყვიტინი გააქვთ
საკალანდოდ
დასასუქ ღორებს
კერიასთან ჩამომჯდარა
ბაბუაჩემი
აკეთებს ჩიჩილაკს...
გურიაში
ზამთრისპირია...

შემოდგომა
სიყვითლეგარეული შრიალებს ჭადრები,
მტევნების სურნელით უღვინოდ დავთვრები,
მეზობლის ეზოში გადაძვრა გოგრა
და მზეს ვით ქურდმა შესცინა მორცხვად.

ეშვება გიდლები, ივსება გოდრები,
მარანთან ჩარიგებულან ვითარცა ლოთები
ყურძნის დამაჭრებას, მაჭრის დაღვინებას
და მერე ავსებას უცდიან  ქვევრები...

შვილიშვილებს
როცა შემომღიმილებთ
ღიღილოსფერ თვალებით,
ვხედავ მზის ათინათი
სულსი როგორ იჭრება
რაც კი მქონდა ტკივილად
აყოლილი
დარდები
სითბოდ გარდაიქმნება და
მთლიანად მიქრება...
როცა თქვენი კისკისი
ცისკრის ზარად ჩამოჰკრავს
დილა ამტევნებული
სიხარულის აკიდოდ
განცდას ბედნიერების
ღვთის წყალობად მიგზავნის
მზად ვარ ამ წუთებისთვის
სიცოცხლეს ჩავეჭიდო
თქვენი ქართველ ქალობის
ხილვა მეც რომ მეღირსოს






                       ***
აღარაფერი აღარ მაოცებს
სიყალბე როცა ამოდენია,
უბრალოდ მიკვირს ,გულუბრყვილობით
ცრემლი რამდენი გადმომდენია,

ერთგულების წილ - ჩუმი ღალატი
სიკეთის ნაცვლად უმადურობა
და ვაკვირდები - სადამდე მიდის
კაცის დაცემა, უბადრუკობა...

გული სხვის ტკივილს მაინც განიცდის
გონებას წამლავს სხვაგვარი ფიქრი
რომ ამაოა ...რომ ამაოა,
კაცობრიობა რომ სხვა გზით  მიჰქრის...

ღმერთო მიშველე!.. ისევ მომმადლე
დღენი სიკეთით შემობურვილი
ანდა მომკალი თუ არ მექნება
ხელის გაწვდენის სხვისთვის სურვილი!







გაკვეთილზე
მზე ჩახატულა ფართო თვალებში
და ინტერესით მკითხავს:
მასწავლებელო თქვენს ნაუბარზე
წუხელ ვიფიქრე დიდხანს...

და მიხარია თუკი შევძელი
მესწავლებინა ფიქრი
რა შეიძინეთ ცემთან ყოფნის დროს
თქვენი თვალები იტყვის...

მეც ყოველ  დილით მოგელით თრთოლვით
როდის მოხვალთ  და მკითხავთ:
ვერ დავიძინე, ასე რად  მოხდა
წუხელ ვიფიქრე დიდხანს?!

ასე იწყება ყოველი დილა
ჭეშმარიტების ძებნით
ვარ ძალზე ფრთხილი მოყურიადე
თქვენი სულების ძერწვის!






თეთრი ღამის თეთრი ლექსი
ხშირად თავს მახსენებს
მთათხავს და მკიცხავს,
შეცდომის უფლებას მიკრძალავს
                   ა.
როს პირისპირ ვრჩებით
სინდისს არ ასვენებს
გულზე ლოდივით მედება
                              ა...
შორიდან გვერდს მივლის
მაცდურად მიღიმის
ცდილობს დამიმონოს
                    მ!
შენი გზა სხვა არი
შენ უნდა გტკიოდეს
...და ბილიკს მიჩვენებს
                 ა!
...ძილი გამიკრტო და
სევდად ჩამისახლდა
მარადიული სტუმარი
                   ი !!!





შემოდგომა გურიაში
ენკენისთვეში
ცაცხვის ფოთლები
გადააყვითლებს მაღლივ ზეგანებს,
ტალახისფერი ქერქი მიწისა
მომინანქრდება კომშის ფერებით.
ღვინობისთვეში
 მუცლებგაბერილ საწნახლებში
  იღვიძებს ჭია პატივმოყვრობის,
ხელდებიან და დუღდებიან,
ბუყბუყებენ
სიმთვრალისაგან გონწართმეულნი.
გიორგობისთვეს
კალიასავით შესევიან ყანისმტეხლები,
გადაუგდია ურცხვად სამოსი,
თეთრ კბილებს აჩენს მზისგულზე
და კვდება სიცილით-
კალოებზე დაგორებული
სიმინდის ტარო...







 ბაბუა
გაიჯირითა თოხარიკად ცხოვრებამ უნდომ,
თუმც სიხარულიბევრი იყო,-ტკივილი მეტი!
გარდუვალია მობრზანება სიკვდილის ბაბუ,
განა არ ვიცი?კარგად მესმის-როდი ვარ ცეტი!

შიშს არ განვიცდი-ოღონდ ფაქტი ნამდვილად მაკრთობს
რა შემაშინებს-რაკი მრჩებით იმედად ფესვის!
სულ ვტრაბახობდი ბადიშები კაი მყავს მეთქი,
ჩემი ჯიში ხართ და ჯილაგი ვხედავ და მესმის!

გადაინახეთ სტუმრისათვის ყოველთვის „ინჯრა“
არ გამოკეტოთ  ოდა-სახლის კარები ღია,
თუ ერთ ჭიქასაც შესანდობარს გულით წამიქცევთ
ვიტყვი :ცხოვრებას ჩემსას უქმად არ ჩაუვლია!

        მეგობრებს
მიმოვიფანტეთ, ვეღარ  ვხვდებით ერთმანეთს ხშირად,
ვერ ავუდივართ თავსაყრელად უამრავ საქმეს,
ისე ულმობლად მიჯირითობს დღეები, წლები
უკან მოხედვას ვერაფრით ვასწრებთ!
ვიცი ბიჭებო, გენატრებათ ერთად დასხდომა
და ჭურის თავთან გახსენება იმ წლების ლაღის,
მეც მინდა თქვენთან...ბავშვობასთან პირისპირ დგომა
და წამიერად დავიწყება ტკივილის ,დარდის...
როცა თქვენ გხედავთ თავი ისევ მგონია ბავშვი
მხრებიდან მცვივა წელთა რიცხვით დადგმული ტვირთი,
და ვარდისფერი, ბედნიერი ჩვენი წარსული
მოგონებათა სკივრებიდან ლაგდება მისხლივ...
ჩემი ჭირის და ჩემი ლხინის ჭირისუფალნო
ჩვენგან წასულთა ერთად შევსვათ შესანდობარი,
მეგულებოდეთ იმედებად ვარამთა ჩემთა
იცოცხლეთ დიდხანს,- ვარ ამისი უფლის მთხოვარი!

            მრავალჟამიერ
მრავალჟამიერ,-
ბუბუნებს და გუგუნებს ქართლი,
ვუსმენ ჩახლართულ ხმოვანებას ამაყად ჟღერადს,
მრავალჟამიერ,-თვალს ვუსწორებ ალესილ მახვილს
გულმოცემული, რწმენით სავსე ვჭვრეტ ბედისწერას!
„არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა“-
ნუთუ გგონიათ ცრუ ყინჩობა ან ცრუ ქადილი,
ანდა უსაგნოდ დარჩენილი ამო წადილი?
ცდებით ბატონო!-მწარედ ცდებით
ეს გახლავთ ფარი და მახვილი,- ანუ მზაობა,
მზაობა რისხვის, თავგანწირვის ერთგულებისა,
გრძნობ?-მაჭარივით თუხთუხებს გენი,
   ჰო ,ეს  სიმღერა დასტურია  ღირსების ჩვენის...
მრავალჟამიერ,- ბუბუნებს და გუგუნებს ქართლი,
„არც არა გაუხარნიაო“- გესმის დროებავ?
 ნუ დაიჯერებ -მარცხი მარცხზე რაკი მოება
მუმლი მუხასა დააჩოქებს და დაიმონებს!
თავი ასწიე, რად მოხრილხარ ძმაო ბეჭებში,
არ დაკარგულა სამუდამოდ მიწა ქართველთა,
ვერ გაიხარებს მტერი ჩვენზედა
ან როდის გაუხარნიაო?
ჰაი,არც როდის!
მრავალჟამიერ- გუგუნებს ქართლი!!!
















  


No comments:

Post a Comment